Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის ექსტრადიციაზე ალაპარაკდა


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის იუსტიციის მინისტრის თქმით, ამ დროისათვის უკვე მოიხსნა ის იურიდიული დაბრკოლება, რაც პარტია „ახალი ძალების რუხის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო შემოწმების გაგრძელებას ხელს უშლიდა. ამის შესახებ მინისტრმა პავლე პეტრენკომ უკრაინულ ტელეარხ „112“-ის ეთერში ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადიციას ითხოვს საქართველოს მხარე, რომელმაც შესაბამისი თხოვნა გაუგზავნა უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას.

5 იანვარს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით.

„ჩვენი მხრივ ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების ფარგლებში. ველოდებით პროკურატურის მიერ შესაბამისი შემოწმების დასრულებას, რათა ექსტრადიციის საკითხის გარშემო მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება“, - განაცხადა უკრაინის იუსტიცის მინისტრმა. ამასთან, მინისტრმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს შეკითხვაზე, მოხდება თუ არა სააკაშვილის დეპორტაცია საექსტრადიციო შემოწმების დასრულების შემდეგ. თავის მხრივ „ახალი ძალების რუხის“ ლიდერის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ, იუსტიციის მინისტრის განცხადებას უწოდა უსაფუძვლო და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია დაუშვებელია, ვიდრე გრძელდება სასამართლო პროცესი.

„ახალი ძალების რუხის“ ლიდერი მისთვის, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, დამატებითი დაცვის მინიჭებას ითხოვს. 2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. 2018 წლის 3 იანვარს კიევი საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ახალი ძალების რუხის“ ლიდერის სასარჩელო განცხადება მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 16 თებერვალს უმაღლესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრაციული სასამართლო განიხილავს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების კანონიერებას, სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.

XS
SM
MD
LG