Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უფასო მედიკამენტების“ პროგრამით ისარგებლა დაგეგმილზე ათჯერ ნაკლებმა პირმა


ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ბევრად იმაზე ნაკლებმა ადამიანმა ისარგებლა, ვიდრე წინასწარ იყო გათვლილი - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 12 თებერვალს, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე. სავარაუდო მიზეზებად დასახელდა ტექნიკური და საინფორმაციო ბარიერები. „14 ათასზე ცოტათი მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენც გვქონდა შეკითხვები... ამ პროგრამით სარგებლობის შესაძლებობა აქვს ბევრად მეტს, მაგრამ სარგებლობს ცოტა. რისკების შეფასება გავაკეთეთ რამდენიმე მიმართულებით: ხომ არ იყო ადმინისტრირების ბარიერები, ანუ რთული ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა ხომ არ უწევდა პაციენტს ამ მედიკამენტების საყიდლად?.. მეორე მხარე იყო, რამაც ასეთი დაბალი ციფრი მოგვცა - საინფორმაციო კამპანიის ხარვეზები, როდესაც, ალბათ, მე თვითონ უნდა მევლო რეგიონებში, პირადად უნდა განმემარტა ამ პროგრამის მნიშვნელობა. საინფორმაციო კამპანიას აშკარად ინტენსიფიკაცია სჭირდება“. ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების სიმბოლურ ფასად გადაცემის პროგრამით, რომელიც 2017 წლის ივლისში დაიწყო, ჯანდაცვის სამინისტროს თავდაპირველი პროგნოზით, 150-200 ათას ადამიანს უნდა ესარგებლა. პროგრამის ბენეფიციარებად ითვლებიან სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფარავს: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ფილტვის ქრონიკულ დაავადებებს, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებსა და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპს.

XS
SM
MD
LG