Accessibility links

რუსეთის გუნდმა 13-დან ხუთი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა დოპინგის მეშვეობით


რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგორი როდჩენკოვის განცხადებით, სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე რუსმა სპორტსმენებმა დოპინგის მეშვეობით მოიპოვეს 13-დან ხუთი ოქროს მედალი. როდჩენკოვი, რომელმაც მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთში დოპინგის სისტემურად გამოყენების შესახებ, ამ საკითხზე ისაუბრა ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში. მისი მონაცემებით, საქმე ეხება ოქროს მედლებს ბიატლონში, თხილამურებით რბოლაში, ბობსლეიში და სკელეტონში. სოჭის თამაშებზე რუსეთის გუნდმა სწორედ ხუთი ოქროს მედლით აჯობა შეერთებული შტატების გუნდს. როდჩენკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და სპორტის მაშინდელი მინისტრის, ვიტალი მუტკოსათვის ცნობილი იყო დოპინგით მანიპულაციის შესახებ. როდჩენკოვმა აღნიშნა, რომ დოპინგი უფრო მასშტაბური პრობლემაა და რომ აკრძალულ პრეპარატებს იყენებენ 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენები. მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრებს აეკრძალა სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. ორი გამოძიებით დამტკიცდა, რომ კრემლის თანხმობით იყო შექმნილი სპორტში დოპინგის გამოყენების სისტემა. რუს ათლეტებს, ვინც დაამტკიცა, რომ არ იყენებდა დოპინგს, მისცეს ოლიმპიურ ასპარეზობაში ნეიტრალური დროშით მონაწილეობის უფლება.

XS
SM
MD
LG