Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო და შეერთებული შტატები მოუწოდებენ უნგრეთსა და უკრაინას საერთო ენის გამონახვისკენ


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და შეერთებული შტატები მოუწოდებენ უნგრეთსა და უკრაინას მოაგვარონ უთანხმოება უმცირესობების ენებთან დაკავშირებით უკრაინის ახალ კანონზე. მიმდინარე კვირაში უნგრეთმა სწორედ ამ კანონის გამო დაბლოკა უკრაინასთან ნატოს მინისტრების შეხვედრა. ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ, რომელიც ბრიუსელში 14-15 თებერვალს გაიმართება, იან სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კიევმა და ბუდაპეშტმა უნდა მოძებნონ ბალანსი ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიური ენის შესწავლის უფლებასა და სახელმწიფოს უფლებას შორის, ბავშვები სახელმწიფო ენას დაეუფლონ.

„ნატო გააგრძელებს უკრაინასთან მუშაობას, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის მოთხოვნით მინისტრების დონეზე შეხვედრა ვერ შედგა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. უნგრეთი მზადაა დაბლოკოს უკრაინის განაცხადი ნატოსთან და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ კანონის გამო, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გასული წლის სექტემბერში მოაწერა ხელი.

ეროვნული უმცირესობების სასკოლო განათლების შესახებ კანონის თანახმად, უმცირესობები, მათ შორის უკრაინაში მცხოვრები 140 000 უნგრელის შვილები, განათლებას მშობლიურ ენაზე მხოლოდ დაწყებით სკოლაში შეძლებენ. კანონი ძირითადად განიხილება, როგორც რუსეთის გავლენის შემცირების მცდელობა უკრაინაში.

XS
SM
MD
LG