Accessibility links

მიმდინარე წელს საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება


საჯარო სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოდელში შესული ცვლილების თანახმად, ტესტირების დასრულების შემდეგ მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 5,5 ქულაა.

ამ სიახლის გარდა, საატესტატო გამოცდები ძირითადად უკვე დანერგილი მოდელით ჩატარდება. კერძოდ, გამოცდების ცენტრის თანახმად, საატესტატო გამოცდები 2018 წელსაც ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ჩააბარებენ ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიასა და გეოგრაფიას. ანუ იმ საგნებს, რომელთა სწავლაც დაასრულეს. დარჩენილ ოთხ საგანში - მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენასა და ისტორიაში - ტესტირებას მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას, მე-12 კლასის ბოლოს გაივლიან.

იმისათვის, რომ მოსწავლემ საატესტატო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახოს, დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის განმარტებით, გამოცდების ცენტრი თითოეული საგნისთვის გამოაქვეყნებს ნიმუშებს, რათა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწორი წარმოდგენები შეექმნათ საგამოცდო დავალებებზე. საჯარო სკოლის დამამთავრებელი საატესტატო გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით - GeCat-ით ჩატარდება.

XS
SM
MD
LG