Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცირე მეწარმეები შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით ისარგებლებენ


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

მცირე მეწარმეებისათვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 15 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ახალი საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, მცირე მეწარმეებისთვის ხუთჯერ შემცირდება ბრუნვის გადასახადი და 5%-იანს 1%-იანი ბრუნვის გადასახადი ჩაანაცვლებს. ამასთან, თუკი ამჟამად მცირე ბიზნესის სტატუსი ჰქონდა 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმოს, ახალი ინიციატივის თანახმად, მცირე ბიზნესად ჩაითვლება 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობით დაკავებული ადამიანებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და, რა თქმა უნდა, წახალისება ახალი მეწარმეებისა, რომლებსაც სურთ საქმიანობის წამოწყება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩვენი ამოცანაა, რომ მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვანად გავზარდოთ საშუალო და მცირე ბიზნესის წილი - განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

„აღნიშნული რეფორმა გულისხმობს უპრეცედენტო პრაქტიკის დაწესებას, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში. ჩვენ მცირე მეწარმეებისთვის გადასახადებს შევამცირებთ ხუთჯერ: ჩამოვალთ 5%-დან 1%-იან ნიშნულამდე და ამასთან ერთად, მცირე მეწარმის სტატუსს მიიღებს ყველა ფიზიკური პირ, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება ნახევარ მილიონ ლარს. ესეც არის ხუთჯერ გაზრდა არსებული 100-ათასიანი ნიშნულისა. აღნიშნული რეფორმა წარმოადგენს ახალი რეფორმების ტალღის ნაწილს და ბუნებრივია, აღნიშნულ რეფორმას მოჰყვება სხვა მნიშვნელოვანი საგადასახადო ინიციატივები“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG