Accessibility links

რებეკა ჰარმსი: ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემით საქართველომ რეპუტაცია არ უნდა დაიზიანოს


რებეკა ჰარმსი

ევროპარლამენტარი და „ევრონესტის“ თანათავმჯდომარე რებეკა ჰარმსი 15 თებერვალს გლდანის მე-8 საპყრობილეში შეხვდა დემირელის კოლეჯის ყოფილ მმართველს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

რებეკა ჰარმსი შეშფოთებულია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი კვლავ პატიმრობაში რჩება და მისი საქმის განხილვა ყოვნდება. ევრონესტის თანათავმჯდომარე ამბობს, რომ საპატიმროში მუსტაფა ემრე ჩაბუქს იგი შეხვდა, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, როგორც ევროპარლამენტის წევრი, რომელიც დარწმუნებულია, რომ დემირელის კოლეჯის ყოფილი მმართველი მხოლოდ მასწავლებელია და არა ტერორისტი და ამიტომ არ უნდა იმყოფებოდეს პატიმრობაში. რებეკა ჰარმსი იმედოვნებს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია არ მოხდება.

„ის ჩამოვიდა საქართველოში ძალიან რთულ პერიოდში, რათა დახმარებოდა ქართველებს. მას შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, მან თბილისში, დემირელის სკოლაში დააარსა თავშესაფარი. ის არა მხოლოდ კარგი მასწავლებელია, არამედ საქართველოს და საქართველოს თავისუფლების და დემოკრატიის ერთგული მეგობარია. აღმოვაჩინე, რომ სამშვიდობო განათლება მისი საქმიანობის მთავარი ნაწილი იყო. მის პირად და პროფესიულ საქმიანობაში ბევრი მიზეზია იმისთვის, რომ დაცული იყოს თურქეთის ქედმაღალი მთავრობის დევნისგან“

ევროპარლმენტის თქმით, ვინაიდან თურქეთში ე.წ „გიულენისტებს“ არავითარი შანსი არ აქვთ, თურქეთის განვითარებაზე დაკვირვებით გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს, თურქეთის ციხეში მოხვედრის შემდეგ, ვერ ექნება თავისუფალი სასამართლოს იმედი.

ის ასწავლიდა არა ტერორისტებს, არამედ ქართველ მოსწავლეებს, ყოფილიყვნენ სამოქალაქო საზოგადოების მშვიდობიანი წევრები, აღნიშნა მუსტაფა ემრე ჩაბუქის საპატიმროში მონახულების შემდეგ რებეკა ჰარმსმა, რომელიც ფიქრობს, რომ „თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნის შესრულებით, საქართველომ არ უნდა დააზარალოს თავისი დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი“. რებეკა ჰარმსმა ჩაბუქი საპატიმროში გასული წლის ივლისშიც მოინახულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 თებერვალს გაგრძელდება პროცესი დემირელის სახელობის კოლეჯის ყოფილი მმართველის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს 5 თებერვალს მიმართა ჩაბუქის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შუამდგომლობით.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის მაისიდან იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. მის გადაცემას საქართველოსგან ითხოვს თურქეთის ხელისუფლება, რომელიც ჩაბუქს ადანაშაულებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში. მუსტაფა ემრე ჩაბუქი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება პოლიტიკური მოტივით დევნის და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე. ამავე მიზეზით ჩაბუქის ექსტრადიციას დაუშვებლად მიიჩნევენ ქართველი უფლებადამცველები და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG