Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოთი გაათავისუფლეს


თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელსაც 24 თებერვალს ეწურებოდა საექსტრადიციო პატიმრობის ვადა. 19 თებერვალს გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარემ მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით, რომ საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ჩაბუქი გათავისუფლებულიყო 10 000 ლარიანი გირაოთი. საპასუხოდ, დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ჩაბუქის ოჯახს 10 ათასი ლარის გადახდის საშუალება არ აქვს და მისი უპირობოდ გათავისუფლება ითხოვა. საბოლოოდ, მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მუსტაფა ემრე ჩაბუქს აღკვეთის ზომა, პატიმრობა შეუცვალა 1000 ლარის გირაოთი.

გათავისუფლების შემდეგ ის მეუღლესთან ერთად სკოლალიცეუმ „სხივში“ მივიდა სადაც შვილები, მოწაფეები და თანამშრომლები შეეგებნენ.

პატიმრობის ვადა ჩაბუქს 24 თებერვალს ეწურებოდა. მუსტაფა ემრე ჩაბუქი ქართველმა სამართალდამცავებმა 2017 წლის 24 მაისს დააკავეს თურქეთის რესპუბლიკიდან მისი ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე. წინასაექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ მუსტაფა ემრე ჩაბუქს უარი უთხრა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, რის შემდეგაც, 2018 წლის 5 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე შუამდგომლობით.

თურქეთის პროკურატურა ჩაბუქს ბრალს სდებს ამ ქვეყნის მიერ ტერორისტულად აღიარებულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში. რადიო თავისუფლების ეთერში ჩაბუქის ადვოკატი განმარტავდა ამ ბრალდების აბსურდულობას. თურქეთში არსებული პოლიტიკური ვითარების, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის, ფეტულა გიულენის სავარაუდო მხარდამჭერების მასობრივად დევნისა და მათ მიმართ მოპყრობის გათვალისწინებით, არაერთმა ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, დასავლელმა პოლიტიკოსმა გააპროტესტა მუსტაფა ემრე ჩაბუქის პატიმრობა და თურქეთისთვის გადაცემის პერსპექტივა. სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, ჩაბუქის ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. პირის ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი.

XS
SM
MD
LG