Accessibility links

თბილისში ბავშვი გარდაიცვალა ჩუტყვავილის მძიმე ფორმის შედეგად


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაადასტურა, რომ თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელი ვირუსული დაავადების, ჩუტყვავილის შედეგად გარდაიცვალა. „სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა, ანუ სისხლმდენი ჩუტყვავილა" - განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ. მინისტრმა ბავშვის გარდაცვალებას დიდი ტრაგედია უწოდა და მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სკოლამდელ დაწესებულებაში ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რამდენიმე დღეში მოკვლევა დასრულდება და სპეციალისტებს შეეძლებათ ზუსტი რეკომენდაციების გაცემა. თბილისის 56-ე ბაღის თანამშრომლებმა სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობეს, რომ ჩუტყვავილათი დაავადდა კიდევ 2 აღსაზრდელი, რომლებიც შესაბამისი მკურნალობის კურსს გადიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, ჩუტყვავილა მარტივი ვირუსული დაავადებაა და სიკვდილს იშვიათად იწვევს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მშობლებმა წარმოადგინონ ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის და აცრების შესახებ. „ამან მშობლებში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ჩვენ მოსვლის პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, როცა საუბარია პატარებზე“ - განაცხადა კალაძემ.

XS
SM
MD
LG