Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო კამპანია დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან მეასე წლისთავის აღსანიშნავად


გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თელავიდან დაიწყო კამპანია ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი.“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კამპანიის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ. 2018 წლის 26 მაისს 100 წელი სრულდება საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადებიდან. ამ თარიღის გამო, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა. 20 თებერვალს, გიორგი მარგველაშვილი თელავის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და მათთან ერთად დაათვალიერა მობილურ საექსპოზიციო სტენდებზე წარმოდგენილი გამოფენა, რომელიც ეძღვნება საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს. „თავისუფალი მოქალაქეები თავისუფალი საზოგადოების მეშვეობით ქმნიან თავისუფალ სახელმწიფოს" - განაცხადა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, თავისუფლებისკენ სწრაფვის მიზნების განხორციელება შეუძლებელია საკუთარი ქვეყნის შემეცნების გარეშე და დღევანდელმა თაობამ უნდა გააგრძელოს წინაპრების ღირებულებებით თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობა. „ჩვენი წინაპრები იყვნენ თავისუფლები არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეეძლოთ მხოლოდ საკუთარი თავისუფლების დაცვა, არამედ განსხვავებულთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვა და უზრუნველყოფა“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებს ესაუბრა საქართველოს სახელმწიფოს მთავარ, პოლიტიკურ არჩევანზე - ევროპულ ორიენტაციაზე და რუსეთისა და მისი პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებზე.

XS
SM
MD
LG