Accessibility links

საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის მხარდაჭერით გააძლიერებს სტრატეგიულ კომუნიკაციას


იან კელი, გიორგი კვირიკაშვილი, ლევან დოლიძე. თბილისი, 2018 წლის, 20 თებერვალი

აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში დაიწყო ტრენინგის პროგრამა სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, კოორდინაციის სისტემების გაუმჯობესებას და შესაბამისი საჯარო მოხელეების უნარ-ჩვევების ამაღლებას. 20 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა პროგრამის დაწყების ცერემონია, რომელშიც მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის ელჩი, იან კელი და საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, ლევან დოლიძე. „დღეს, როდესაც არაერთი სახელმწიფო და განსაკუთრებით რუსეთი, ძალიან აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის წარმოების სხვადასხვა საშუალებას და სტრატეგიული კომუნიკაცია არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, არამედ პოლიტიკის წარმოების უმძლავრესი იარაღი გახდა, ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აშშ-თან თანამშრომლობა, რათა მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე ის სიკეთე, რომელსაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქმნის საქართველოს პერსპექტივისა და დღევანდელობისთვის“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს და ელჩს, იან კელის და საჯარო მოხელეებს მოუწოდა, სრულად გამოიყენონ ახალი პროგრამის შესაძლებლობები. „ეს პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტრატეგიულ კომუნიკაციას, როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში და იქნება გარკვეული კვლევის საშუალებაც, რათა შემდეგ მოხდეს ამ კვლევების გასაჯაროება და საზოგადოებრივი აზრის სწორად ფორმირება“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG