Accessibility links

საქართველოში იმყოფება ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე


რეფატ ჩუბაროვის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა საქართველოს პარლამენტში. თბილისი, 2018 წლის 20 თებერვალი

20 თებერვალს, თბილისში გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და უკრაინის პარლამენტის წევრის, ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის, რეფატ ჩუბაროვის შეხვედრა. საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კობახიძემ და ჩუბაროვმა განაცხადეს, რომ საქართველოსა და უკრაინას აკავშირებთ საერთო გამოწვევები და მიზნები, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატებით. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო გმობს ყირიმის ანექსიას და რუსეთის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რეფატ ჩუბაროვს მადლობა გადაუხადა საქართველოს რეგიონების ოკუპაციის მიმართ გამოხატული პოზიციისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების გზაა რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოში რუსეთის დაბრუნება.

XS
SM
MD
LG