Accessibility links

მოსკოვმა დაადასტურა სირიაში რუსეთის მოქალაქეთა დაღუპვის ფაქტი


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სირიაში ახლახან მომხდარი საბრძოლო შეტაკებებისას დაიღუპა და დაიჭრა რუსეთის და დსთ-ის წევრი ქვეყნების რამდენიმე ათეული მოქალაქე. მათ ზუსტ რაოდენობას მოსკოვი არ ასახელებს. სამინისტროს ვებსაიტზე 20 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაჭრილ მოქალაქეებს გაეწია დახმარება რუსეთში დასაბრუნებლად და ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, სირიაში თავისი სურვილით და სხვადასხვა მიზნით იმყოფებიან რუსეთის მოქალაქეები და მათი ამგვარი გადაწყვეტილებების კანონიერიების შეფასება არ არის საგარეო უწყების საქმე. ამავე განცხადების თანახმად, სირიაში ახლახან მომხდარ შეტაკებებში არ მონაწილეობდნენ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები და არ იყო გამოყენებული საშტატო ტექნიკური საშუალებები. 7 თებერვალს, სირიაში მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ამერიკულმა სარდლობამ განაცხადა, რომ მდინარე ევფრატის ხეობაში გაანადგურეს პრეზიდენტ ასადის მხარდამჭერი დაჯგუფების ასზე მეტი წევრი, რომლებმაც იერიში მიიტანეს აშშ-ის მოკავშირე, სირიის ოპოზიციურ ძალებზე. ამერიკულმა სარდლობამ ლიკვიდირებულთა ეროვნება არ დაასახელა, თუმცა, მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ დაღუპულთა უმრავლესობა რუსი იყო. ამ ინფორმაციის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ 15 თებერვალს განაცხადა, რომ სირიაში ამერიკული ავიაციის იერიშის შედეგად შესაძლოა, დაღუპული იყოს 5 რუსი, თუმცა, ისინი არ იყვნენ შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები.

XS
SM
MD
LG