Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Amnesty International-ი საქართველოს მოუწოდებს, გამონაკლისის გარეშე დაიცვას ადამიანის უფლებები


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა გამოაქვეყნა 2017 წლის ანგარიში, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს შეეხება, ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის სამართალდამცავთა დაუსჯელობის გაგრძელებამ კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროება. უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებითვე, სამართლებრივმა დავამ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიის, „რუსთავი 2“-ის გარშემო, შეკითხვები გააჩინა მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ. ამავე ანგარიშის თანახმად, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო საზღვრებთან მავთულხლართების გაბმის პრაქტიკამ გააგრძელა ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური უფლებების შელახვა. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, Amnesty International-ის ანგარიშში მოხვდა რამდენიმე საქმე. მათ შორის ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავება, თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარება და თურქეთის მოთხოვნით, დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავება და მისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმა. ანგარიშში საუბარია ლგბტ თემის წარმომადგენლების და შრომის უფლებების დარღვევაზეც. თბილისში, ანგარიშის პრეზენტაციისას Amnesty International-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ლევან ასათიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს მოუწოდებს, გამონაკლისის გარეშე დაიცვას ადამიანის უფლებები. ასათიანის თქმით, საქართველომ თურქეთს არ უნდა გადასცეს მუსტაფა ემრე ჩაბუქი და სრულყოფილად გამოიძიოს აფგან მუხთარლის საქმე. მისივე განცხადებით, აუცილებლად უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი მექანიზმი სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი, შესაძლო დანაშაულის გამოსაძიებლად.

XS
SM
MD
LG