Accessibility links

უკრაინამ მიხეილ სააკაშვილს სამი წლით აუკრძალა ქვეყანაში შესვლა


უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სამი წლით აუკრძალა ქვეყანაში შესვლა, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ის უკრაინიდან გაძევებულ იქნა. სააკაშვილმა 21 თებერვალს ფეისბუკზე გამოაქვეყნა საზღვრის დაცვის სამსახურისგან მიღებული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც აკრძალვა 2021 წლის 13 თებერვლამდე იქნება ძალაში. უკრაინის საზღვრის დაცვის პრესმდივანმა, ოლეგ სლობოდიანმა დაადასტურა, რომ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა აეკრძალა. მისი თქმით, ამას საფუძვლად დაედო საზღვრის ერთ-ერთი მცველის ბრძანება - ეს მცველი აკონტროლებდა უკრაინის საზღვრის იმ მონაკვეთს, რომელიც სააკაშვილმა 2017 წლის სექტემბერში გადაკვეთა. "ჩემთან ერთად თუ უჩემოდ, ამ ხელისუფლებას უკვე დადასრული დაუდგა და მე უკრაინაში, სახლში მალე დავბრუნდები, სამ წელიწადზე ბევრად, ბევრად უფრო მალე" - წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, სააკაშვილი, ფეისბუკზე. სააკაშვილი, რომელიც ამჟამად 50 წლისაა, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ოდესის რეგიონის გუბერნატორად 2015 წელს მიავლინა. თუმცა შემდეგ სააკაშვილს პოროშენკოსთან ურთიერთობა გაუფუჭრდა, კორუფციის შესახებ ბრალდებების და რეფორმისკენ მოწოდებების ფონზე, და მას 2017 წლის ივლისში უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მიმდინარე წლის 12 თებერვალს სააკაშვილი კიევში, ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს, აეროპორტში წაიყვანეს და პოლონეთში გააფრინეს - ქვეყანაში, საიდანაც ის სექტემბერში უკრაინაში დაბრუნდა. სააკაშვილი ბოლოს ჰოლანდიაში ჩავიდა და იქიდან აცხადებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას პოროშენკოს დასამხობად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG