Accessibility links

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ასრულებს დიპლომატიურ საქმიანობას


იან კელი

მარტის ბოლოს საქართველოში მისიას და 33-წლიან დიპლომატიურ კარიერას დაასრულებს აშშ-ის ელჩი, იან კელი. მან საქართველოში სამწლიან საქმიანობაზე 22 თებერვალს ისაუბრა თბილისში, აშშ-ის საელჩოს, „რონდელის ფონდის“ და „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე: “შემდეგი ეტაპი აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში: დემოკრატიის კონსოლიდაცია." დისკუსიას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის და ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. იან კელის ინფორმაციით, დიპლომატიური საქმიანობის დასრულების შემდეგ, აპრილიდან ჩიკაგოს უნივერსიტეტში გაუძღვება ლექციების კურსს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიისა და პოლიტიკის შესახებ. როგორც ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, საქართველო ის ადგილია, რომელსაც სინამდვილეში ვერასდროს დაემშვიდობება. იან კელიმ ისაუბრა საქართველოს ბოლოდროინდელ მიღწევებზე, ქვეყნის დასავლურ მომავალსა და რამდენიმე პრობლემაზეც. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ყველა დიდი მცდელობა ამაო იქნება, თუ საქართველო სრულფასოვანდ ვერ უზრუნველყოფს დემოკრატიულ გარდაქმნას. იან კელიმ ხაზი გაუსვა მმართველი პარტიის დომინანტური პოზიციის პრობლემას და აღნიშნა, რომ 2018 და 2020 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური პლურალიზმის მორიგი ტესტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ პროცესმა სრულად დააკმაყოფილოს უმაღლესი სტანდარტები და უზრუნველყოს თანაბარი საარჩევნო გარემო.

XS
SM
MD
LG