Accessibility links

ჩერნოგორიამ დაასახელა იმ პირის ვინაობა, რომელმაც აშშ-ის საელჩოს ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა


ჩერნოგორიას ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, პირი, რომელმაც დედაქალაქ პოდგორიცაში შუაღამისას აშშ-ის საელჩოს ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა და შემდეგ თავი აიფეთქა, სერბიაში იყო დაბადებული. აშშ-ის და ჩერნოგორიას წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საელჩოში არავინ დაშავებულა. მთავრობამ ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უცნობმა პირმა თავი მოიკლა ასაფეთქებელი მოწყობილობით და "მანამდე, ამ პირმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლა ... აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე". რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციამ გამოაცხადა, რომ თავდამსხმელის სახელი იყო დალიბორ ჯაუკოვიჩი, და ის 1976 წელს სერბიაში დაბადებული პირი იყო. იუწყებიან, რომ მან M75-ის ტიპის ხელყუმბარა ისროლა. ინციდენტის გამოძიებაში ჩაერთო აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროც. თავდამსხმელის ვინაობის ოფიციალურად გამოცხადებამდე პოლიციელებმა რადიო თავისუფლებას ანონიმურად აცნობეს, რომ მისი გვარი ჯაუკოვიჩი იყო. ფოტოები, რომლებიც სავარაუდოდ ჯაუკოვიჩის ფეისბუკის გვერდზეა გამოქვეყნებული, მოიცავს 1999 წელს მიღებულ ჯილდოს იუგოსლავიის არმიაში სამსახურისთვის, რომელსაც, როგორც ჩანს, ხელს აწერს სერბიის ყოფილი ავტორიტარი ლიდერი, სლობოდან მილოშევიჩი. 2017 წლის მაისში მან ფეისბუკით დაწერა სტატუსი "არა ნატოს". ჯაუკოვიჩის სამხედრო წარსულზე თუ ჯილდოებზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 1999 წელს ნატოს მიერ სერბიის წინააღმდეგ წარმოებულმა, სამოცდათვრამეტდღიანმა საჰაერო კამპანიამ დაასრულა კოსოვოს ომი, როცა ჩერნოგორია ჯერ კიდევ იუგოსლავიის ნაწილი იყო. 2017 წლის მაისში ჩერნოგორია ნატოს 29-ე წევრი ქვეყანა გახდა - რასაც მწვავედ ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთი და მოსკოვთან დაახლოების მომხრე ჩერნოგორიელი ძალები.

XS
SM
MD
LG