Accessibility links

ევროკავშირი მოლდავეთს სთხოვს მართლმსაჯულების რეფორმას და კორუფციასთან ბრძოლას


ევროკავშირი მოლდავეთს მოუწოდებს მეტი გააკეთოს მართლმსაჯულების რეფორმის თვალსაზრისით და "კიდევ უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას" კორუფციასთან ბრძოლაში - ეს ნათქვამია ტექსტში, რომლის სამუშაო ვერსიასაც რადიო თავისუფლება გაეცნო. განცხადების ტექსტში ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ადვოკატების, მოსამართლეების და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო და კანონისა და მართლმსაჯულების "შერჩევითი" მოქმედებისთვის, რაც, ტექსტის თანახმად, საზოგადოებაში ძირს უთხრის მართლმსაჯულების მიმართ პატივისცემასა და ნდობას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ მომზადებული ტექსტის პროექტი ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრებს დასამტკიცებლად 28 თებერვალს წარედგინებათ. ეს მოწოდებები ირეკლავს ევროკავშირის მიერ დიდი ხნის განმავლობაში გამოთქმულ მოთხოვნებს კიშინიოვისადმი, რომ მან მართლმსაჯულების სისტემაში სიღრმისეული რეფორმები უნდა გაატაროს და კორუფციას უნდა შეებრძოლოს. 2017 წლის ოქტომბერში ევროკავშირმა განაცხადა, რომ არ გადარიცხავს 28 მილიონი ევროს ღირებულების სესხის ბოლო ნაწილს, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმისთვის იყო განკუთვნილი, რადგან მოლდავეთის ხელისუფლებამ ვერ დააკმაყოფილა ბლოკის პირობები თანხის მისაღებად. ასევე შეფერხდა ევროკავშირის სხვა დაფინანსებაც, მათ შორის 100 მილიონი ევროს ოდენობის მიკროსაფინანსო დახმარების პაკეტი. ევროკავშირის წყაროებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ პაკეტიდან პირველი გადარიცხვა შესაძლოა აპრილში განხორციელდეს და ეს დამოკიდებული იქნება მოლდავეთის რეფორმებზე სასამართლოს, მედიისა და საარჩევნო სფეროებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG