Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ითხოვს სახელმწიფო დაცვას


მუსტაფა ემრე ჩაბუქი
მუსტაფა ემრე ჩაბუქი

დემრელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატებმა საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართეს განცხადებით, ჩაბუქი ჩართოს დაცვის სახელმწიფო პროგრამაში. „პატიმრობიდან მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლების შემდეგ, სოციალურ ქსელებში კვლავ გაჩნდა ინფორმაცია, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, ამიტომ ვითხოვთ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას“ - განუცხადა 23 თებერვალს, ჟურნალისტებს ჩაბუქის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა. მისი ინფორმაციით, არსებობს საგანგაშო პრეცედენტი, როცა აზერბაიჯანში მსგავსი ბრალდებით დაკავებული და შემდეგ საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლებული პირი გაიტაცეს და ის თურქეთში აღმოჩნდა. დაცვის სახელმწიფო პროგრამით უკვე სარგებლობენ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლი და ორი არასრულწოვანი შვილი. 20 თებერვალს, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, რადგან სოციალური მედიიდან იღებს ბევრ ინფორმაციას თურქეთსა და სხვა ქვეყნებში სკოლების ადმინისტრაციების თანამშრომლების და პედაგოგების გატაცების შესახებ. „ასე რომ, ცოტა არ იყოს, ვშიშობ ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლის გამო“ - აღნიშნა ჩაბუქმა. 19 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა საექსტრადიციო პატიმრობიდან, რომელიც 2017 წლის მაისიდან ჰქონდა შეფარდებული. ჩაბუქის ექსტრადიციას ითხოვს თურქეთის ხელისუფლება, რომელიც დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერს ადანაშაულებს ტერორისტულ საქმიანობაში. 20 თებერვალს, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს, ის პედაგოგია და არა ტერორისტი, ან ტერორიზმის მხარდამჭერი. პატიმრობიდან ჩაბუქის გათავისუფლების მიუხედავად, სასამართლო განხილვის საგნად რჩება თურქეთში მისი ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის საკითხი. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო ექსტრადიციას დასაშვებად მიიჩნევს, გადაწყვეტილება გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში და პარალელურად, მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა დროებითი ღონისძიება გამოიყენოს და ექსტრადიცია შეაჩეროს. მუსტაფა ემრე ჩაბუქის განცხადებით, თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება პოლიტიკური მოტივით გასამართლება და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე. ამავე მიზეზით, ჩაბუქის ექსტრადიციას დაუშვებლად მიიჩნევენ ქართველი უფლებადამცველები და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია.

XS
SM
MD
LG