Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუქსემბურგმა საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად


ლიქსემბურგის სოფელი შენგენი
ლიქსემბურგის სოფელი შენგენი

ლუქსემბურგის საჰერცოგომ საქართველო შეიტანა უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 23 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ლუქსემბურგის გადაწყვეტილება ეფუძნება მონაცემებს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებული გარემოს შესახებ. კერძოდ, იმას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეუფერხებლად მუშაობენ და ადამიანებს არ ემუქრებათ საფუძვლიანი საფრთხე იმისა, რომ მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო. ლუქსემბურგი ევროკავშირის შენგენის სივრცეში მეშვიდე სახელმწიფოა, ბელგიის, ნიდერლანდის, საფრანგეთის, ბულგარეთის, ავსტრიისა და ისლანდიის შემდეგ, რომელმაც საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმიგრაციის სამსახურის ინფორმაციით უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად, საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც ჩვეულებრივ ვადას სამჯერ ამცირებს. კერძოდ, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთთათვის 2018 წლის 29 იანვრიდან ამოქმედდა სწრაფი პროცედურა, რომლის მიხედვით, მთხოვნელს ინტერვიუზე იწვევენ თავშესაფრის მოთხოვნიდან ოთხი დღის შემდეგ, ხოლო პასუხს აძლევენ ინტერვიუდან 6 დღეში. შესაბამისად, ლუქსემბურგში საქართელოს მოქალაქეთა თავშესაფრის განაცხადების განხილვის ვადა ექვსი თვიდან შემცირდა ათ დღემდე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს ლუქსემბურგმა არ დააკმაყოფილა თავშესაფრის მიღების შესახებ საქართველოს მოქალაქეთა არცერთი მოთხოვნა.

XS
SM
MD
LG