Accessibility links

ამერიკული პრესა სირიის დემოკრატიულ ძალებზე თავდასხმის დამგეგმავად ასახელებს პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს


ევგენი პრიგოჟინი და ვლადიმირ პუტინი

სირიის „ოპოზიციურ დემოკრატიულ ძალებზე“ დაქირავებული რუსი მებრძოლების თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობდა ბიზნესმენი ევგენი პროგოჟინი, რომელსაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მეგობრად და მზარეულად მოიხსენიებენ - ამის შესახებ გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ წერს. გამოცემა წყაროდ იყენებს დაზვერვის მონაცემებს სირიელ სამხედროებთან და ჩინოვნიკებთან პრიგოჟინის მოლაპარაკებების შესახებ. პრიგოჟინი მიჩნეულია მთავარ ორგანიზატორად და დამფინანსებლად ე.წ. „ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიისა,“ რომლის ასობით წევრი სირიაში იბრძვის ასადის ხელისუფლების მხარდასაჭერად. „ვაშინგტონ პოსტის“ წყაროს ინფორმაციით, პრიგოჟინი სირიის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რომ ბაშარ ასადისთვის მოამზადა კარგი სიურპრიზი, რომლის შესახებ ცნობილი გახდებოდა 6-დან 9 თებერვლამდე პერიოდში და ეს სამუშაო ფინანსურად ანაზღაურებული იქნებოდა. ამერიკული გამოცემის ცნობითვე, 24 იანვარს პრიგოჟინი აცხადებდა, რომ რუსი მინისტრისგან ჰქონდა ნებართვა გადამწყვეტ მოქმედებებზე და სირიის თანხმობას ელოდებოდა. 7 თებერვალს, სირიის დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში ასადის მთავრობის მხარდამჭერი ფორმირებები თავს დაესხნენ „ოპოზიციური დემოკრატიული ძალების“ შეიარაღებულ ჯგუფებს, რომლებიც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის მოკავშირეები არიან. ოპოზიციურ ძალებს დახმარება გაუწია ამერიკულმა ავიაციამ. მოგვიანებით, ამერიკულმა სარდლობამ განაცხადა, რომ განადგურებულია ასამდე თავდამსხმელი. რამდენიმე დღის წინ მოსკოვმა დაადასტურა, რომ სირიაში დაიღუპნენ რუსეთის მოქალაქეები, თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მათ შორის არ იყვნენ შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები. 22 თებერვალს, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დანა უაიტმა განაცხადა, რომ 7 თებერვალს ჩატარებული ოპერაციის წინ რუსი სამხედროები ამერიკულ სარდლობას დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ რუსეთის მოქალაქეები არ მონაწილეობდნენ სირიის ოპოზიციურ ძალებზე თავდასხმაში.

XS
SM
MD
LG