Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა განცხადება ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო


გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც უდიდესი მწუხარება გამოთქვა „ცხინვალში მომხდარი უმძიმესი ფაქტის გამო“ და მიუსამძიმრა გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და ახლობლებს. „22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამ უმძიმესი ფაქტის შესახებ მყისიერად ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს“ - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს შსს-მ დაიწყო გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით. „საკითხის სიმძიმისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, აუცილებლად მიგვაჩნია საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, მოხდეს მკვეთრი რეაგირება და სასწრაფოდ დადგინდეს, რა ვითარებაში დააკავეს ჩვენი მოქალაქეები და გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, რათა ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი. ამასთან, აუცილებელია, სასწრაფოდ შეიქმნას ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, რათა მოხდეს ადამიანის უფლებების ასეთ და სხვა მძიმე დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება. ჩვენ მოვითხოვთ და ყველა საერთაშორისო ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ახალგორში უკანონოდ დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG