Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს


ესტონეთი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. დედაქალაქ ტალინში სამხედრო აღლუმი და სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო დღის აღნიშვნა დაიწყო ესტონეთის ლურჯ-შავ-თეთრი დროშის აღმართვით „გრძელი ჰერმანის“ 45 მეტრი სიმაღლის კოშკზე, სადაც 1918 წელს აღიმართა დროშა დამოუკიდებლობის გამოცხადების აღსანიშნავად. კოშკი ტალინის შუასაუკუნეობრივი ნაწილის - ტოომპეას სასახლის ნაწილია. სასახლეში ახლა ესტონეთის პარლამენტია განთავსებული. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ბალტიისპირეთის დანარჩენი ორი ქვეყნის - ლიტვისა და ლატვიის მსგავსად, ესტონეთი რუსეთის იმპერიის და მცირე ხნით საბჭოთა რუსეთის ნაწილი იყო. ესტონეთი საბჭოთა კავშირმა დაიპყრო 1940 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს კი სამი წლის განმავლობაში ის გერმანიის მიერ იყო ანექსირებული. ესტონეთმა დამოუკიდებლობა აღიდგინა 1991 წლის აგვისტოში, 2004 წელს კი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდა. 24 თებერვლის სამხედრო აღლუმის დროს პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა თვალი გადაავლო შემადგენლობას, რომელშიც ესტონეთში განთავსებული ნატოს მრავალეროვანი შენაერთიც შედის. პარლამენტის თავმჯდომარემ ეიკი ნესტორმა კი საზეიმო ღონისძიებების დაწყებისას განაცხადა: „ესტონეთის დამოუკიდებლობა ახლა დაცულია ისე, როგორც არასდროს, რადგან ჩვენ გვყვანან მეგობრები და მოკავშირეები. ესტონეთი თავისუფალი სამყაროს ნაწილია“. პრემიერმინისტრმა იური რატასმა ესტონეთის მოქალაქეებს მოუწოდა არასდროს დაივიწყონ წინაპრები, ვინც 100 წლის წინ დააარსა ესტონეთის რესპუბლიკა.

XS
SM
MD
LG