Accessibility links

ჩეხეთის პრეზიდენტს რუსი ჰაკერის მოსკოვისთვის გადაცემა სურს


ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანს სურს, რომ პრაღაში დაკავებული რუსი ჰაკერი, რომლის ექსტრადიციასაც ითხოვენ აშშ და რუსეთი, რუსეთს გადაეცეს. ამის შესახებ ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა რობერტ პელიკანმა განაცხადა. ყოფილი კომუნისტი 73 წლის მილოშ ზემანი გასულ თვეში მეორე ვადით აირჩიეს ჩეხეთის პრეზიდენტად. ის გამოირჩევა მკვეთრი პრორუსული, პროჩინური და ანტიმუსულმანური შეხედულებებით. 30 წლის ევგენი ნიკულინს აშშ ბრალს სდებს სოციალურ ქსელებზე კიბერთავდასხმაში, რუსეთი კი - თაღლითობაში. ის ჩეხეთის პოლიციამ 2016 წელს პრაღაში დააკავა აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ერთად განხორციელებული ოპერაციის შედეგად. გასული წლის მაისში პრაღის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ უნდა განხორციელდეს ევგენი ნიკულინის ექსტრადიცია რუსეთში, ან აშშ-ში. საბოლოო სიტყვა ჩეხეთის იუსტიციის მინისტრ რობერტ პელიკანზეა. მან კი ჩეხეთის სააგენტო aktualne-cz-ს განუცხადა: „ვადასტურებ, რომ მიმდინარე წელს ჩატარდა ორი შეხვედრა, რომელზეც პრეზიდენტმა მთხოვა რუსეთის მოქალაქის გადაცემა არა აშშ-სთვის, არამედ რუსეთისთვის“. ჩეხეთის სააგენტო წერს, რომ შეხვედრები გასულ თვეში ჩატარდა. აგრეთვე ცნობილია, რომ მიმდინარე კვირაში რობერტ პელიკანმა მიიღო ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ვრატისლავ მინარი, რომელიც აგრეთვე მხარს უჭერს ევგენი ნიკულინის რუსეთისთვის გადაცემას. მინარმა სააგენტო aktualne.cz-ს განუცხადა: „თქვენი საქმე არ არის, მაგრამ მე მინისტრს გადავეცი პატიმრობაში მყოფი ნიკულინის დედის წერილი“. ევგენი ნიკულინის დაკავების შემდეგ, მოსკოვმა ვაშინგტონი დაადანაშაულა რუსეთის მოქალაქეების შევიწროებაში და დაიმუქრა, რომ მიაღწევდა ნიკულინის რუსეთში ექსტრადიციას.

XS
SM
MD
LG