Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ოკუპაციის დღე აღინიშნება


1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაშვებულია სახელმწიფო დროშები. ქვეყანაში გაიმართა ამ თარიღთან დაკავშირებული მთელი რიგი ღონისძიებები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. „საბჭოთა რეჟიმის მმართველობამ შეიწირა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ათასობით ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე. ამის მიუხედავად, თავისუფლების იდეა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არასოდეს ჩამქრალა ჩვენს ერში და არ შეწყვეტილა ამ ღირებულებებისთვის ბრძოლა. დღეს საქართველო დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანაა, თუმცა მისი ნაწილი ისევ ოკუპირებულია. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ამას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის გასამთლიანებლად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, მომავალ თაობას დავუტოვოთ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თაიგულით შეამკო საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ იუნკერთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. „1921 წლის 25 თებერვალი არ არის ბრძოლის დასრულების დღე, მაშინ დაიწყო ის ბრძოლა, რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ჩვენი გამარჯვებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გვირგვინით შეამკო იუნკრების მემორიალი ტაბახმელაში და ილაპარაკა მათ ღვაწლსა და დამსახურებაზე. „მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია და 100 წლის შემდეგ ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მიწაზე ვიხსენებთ მათ ღვაწლს. ეს ნამდვილად გამარჯვებაა”, - განაცხადა პრეზიდენტმა. დღესვე გიორგი მარგველაშვილმა გორში გახსნა ოკუპაციის მუზეუმი. მსგავსი მუზეუმების გახსნა იგეგემება საქართველოს რადმენიმე სხვა ქალაქშიც.

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გამოვიდა ინიციატივით, თბილისში, ინგოროყვას 22-ში, შეიქმნას საბჭოთა ოკუპაციისა და რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმი. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ოკუპაციის დაწყებისთანავე ამ შენობაში განთავსებული იყო საბჭოთა საგანგებო კომისია (ე.წ. ჩეკა).

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია.

25 თებერვალი ოკუპაციის დღედ გამოცხადდა საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG