Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიანულმა ეკლესიამ პროტესტი გამოუცხადა ისრაელის ხელისუფლების განზრახვას


მაცხოვრის საფლავის ტაძარი
მაცხოვრის საფლავის ტაძარი

იერუსალიმში პროტესტის ნიშნად დაკეტეს ქრისტიანების მთავარი სიწმინდე, მაცხოვრის საფლავის ტაძარი. სასულიერო პირების პროტესტის მიზეზია ისრაელის საგადასახადო კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილება, რომელიც სახელმწიფოს მისცემს ეკლესიის მფლობელობაში არსებული მიწების ექსპროპრიაციის უფლებას და დაბეგრავს ეკლესიის კუთვნილ, კომერციულ უძრავ ქონებას. 25 თებერვალს, ერთობლივი საპროტესტო განცხადება გაავრცელეს კათოლიკური, ბერძნული მართლმადიდებლური და სომხური სამოციქულო ეკლესიების წინამძღოლებმა, ფრანჩესკო პატონმა, თეოფილოს მესამემ და ნურხან მანუკიანმა. მათი შეფასებით, ისრაელის ხელისუფლების მიერ მომზადებული დისკრიმინაციული და რასისტული კანონპროექტი წმინდა მიწაზე, ქრისტიანებზე უპრეცედენტო თავდასხმაა. სასულიერო პირების განცხადებით, ახალი კანონი გაართულებს ეკლესიის კუთვნილი მიწების გაყიდვას, საიდანაც იერუსალიმში ქრისტიანული ეკლესია იღებს შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს და შესაბამისად, საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ რელიგიური, არამედ სოციალური ხასიათის საქმიანობას. პროტესტის გამო ისრაელის მთავრობამ გადადო კანონპროექტის განხილვა და განაცხადა, რომ დიალოგს გამართავს ეკლესიის წარმომადგენლებთან. ისრაელის მთავრობაში განმარტავენ, რომ ეკლესიის მფლობელობაში არსებულ მიწებს არავინ შეეხება და საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილება გავრცელდება მხოლოდ იმ დეველოპერულ კომპანიებზე, რომლებმაც ეკლესიისგან მიწის ნაკვეთები შეიძინეს და გაყიდეს.

XS
SM
MD
LG