Accessibility links

თბილისი მემორანდუმს სთავაზობს ქართველი მიგრანტების ქმედებებით შეშფოთებულ, რაინ-ვესტფალიის რეგიონს


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტისას შეხვდა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჰერბერტ როილს. საქართველოს შსს-ს ოფიციალურ ვებსაიტზე 26 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნინო ჯავახაძემ ჰერბერტ როილს გააცნო საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შესამცირებლად დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, გვარის შეცვლის პროცედურის გამკაცრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზეც. ნინო ჯავახაძემ ჰერბერტ როილს გადასცა საქართველოს და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი. თავის მხრივ, როილმა გამოთქვა მზადყოფნა, დაიწყოს მემორანდუმის გაფორმების პროცედურა და მიესალმა თბილისის ინიციატივებს და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველოს შსს-ს ცნობით, ჰერბერტ როილმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებით რაინ-ვესტფალიის მოსახლეობის უკმაყოფილების მიუხედავად, ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა საგანგაშო არ არის. თებერვლის დასაწყისში გერმანული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველების მიერ დანაშაულის ჩადენის საგრძნობლად მომატების გამო, რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის მთავრობა მოითხოვს საქართველოს მოქალაქეებს ჩამოერთვას ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის უფლება.

XS
SM
MD
LG