Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ჯანელიძე: რუსული ოკუპაციის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლით


მიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში, სიტყვით გამოვიდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე. ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას წართმეული აქვს ყველა ძირითადი უფლება, მათ შორის სიცოცხლის უფლება. „კიდევ ერთხელ შევეხები გიგა ოთხოზორიას საქმეს. ეთნიკურად ქართველი, რომელიც ე.წ-მა მესაზღვრეებმა მოკლეს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, მისი მკვლელი კი დღემდე არ დაუკავებიათ. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა. რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ერთ-ერთ მათგანს, არჩილ ტატუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ორ პირს ჯერ კიდევ არ ეძლევა ოკუპირებული რეგიონის დატოვების უფლება“ - განაცხადა 26 თებერვალს მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით, შექმნილი ვითარება მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამის, კონსოლიდირებულ პასუხს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლითაა შესაძლებელი დასრულდეს რუსული ოკუპაცია და მისგან გამომდინარე მძიმე შედეგები, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი. ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგული რჩება და მზად არის თანაბარი შესაძლებლობები შექმნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრმა სხდომის მონაწილეებს შეახსენა ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის შეფასება, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩადენილი ქმედებები უტოლდება ეთნიკურ ნიადაგზე განხორციელებულ დისკრიმინაციას და სუბიექტები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აკონტროლებენ, ვალდებულნი არიან დაიცვან კონტროლქვეშ მყოფი ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. „აქედან გამომდინარე, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა სხვა მექანიზმების დაუყოვნებლივი შეშვება საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ამავე საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში, პირისპირ შეხვედრისას ესაუბრა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს.

XS
SM
MD
LG