Accessibility links

პრაღაში გაიმართა აქცია სალიჰ მუსლიმის გათავისუფლების მოთხოვნით


სულ მცირე 200 კაცი მონაწილეობდა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სირიელ ქურთთა ლიდერის, სალიჰ მუსლიმის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაში. სირიელ ქურთთა წამყვანი პოლიტიკური ძალის, დემოკრატიული ერთობის პარტიის (PYD), ყოფილი თანათავმჯდომარე პოლიციამ პრაღაში 24 თებერვალს დააპატიმრა, თურქეთიდან მიღებული ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე. იუწყებიან რომ 26 თებერვალს პოლიციამ აქციაში მონაწილე სულ მცირე ორი პირი დააკავა იუსტიციის სამინისტროს წინ და ასევე ქალაქის ცენტრში. ანკარის თანახმად, ჩეხეთის ხელისუფლებას 26 თებერვალს გადაეცა ოფიციალური დოკუმენტაცია მუსლიმის ექსტრადიციის თხოვნებით. თურქეთმა სალიჰ მუსლიმზე ძებნა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო „სახელმწიფოს და ქვეყნის ერთიანობის დარღვევასა“ და სხვა მძიმე დანაშაულში. თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ბექირ ბოზდაღის თქმით, მუსლიმი პრაღის სასამართლოს წინაშე 26 თებერვალს დღის მეორე ნახევარში წარსდგება. ჩეხური წყაროების ცნობით, სასამართლო პროცესი 27 თებერვალს გაიმართება. სირიელი ქურთების დემოკრატიული ერთობის პარტია (PYD) „ანკარას ადანაშაულებს „ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე იმ პირების დაპატიმრების მცდელობაში, რომლებიც არ არიან თურქეთის მოქალაქეები“.

XS
SM
MD
LG