Accessibility links

რუსეთმა ირანის გამო დაადო ვეტო დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტს


რუსეთის ელჩი გაეროში ვასილი ნებენზია

რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელშიც ირანის არმია მოხსენიებული იყო ჰუსიტი მეამბოხეების მიერ იემენიდან საუდის არაბეთის ტერიტორიაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების თანამონაწილედ. დიდი ბრიტანეთის მიერ ინიცირებული და საფრანგეთისა და აშშ-ისგან მხარდაჭერილი პროექტი ითვალისწინებდა ირანისთვის სანქციების დაწესებას ემბარგოს დარღვევით ჰუსიტების შეიარაღების გამო. 26 თებერვალს გამართულ სხდომაზე გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რუსეთის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იემენში შეიარაღების გაგზავნაზე დაწესებული ემბარგოს ერთი წლით გაგრძელებას. ამ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იემენის კრიზისში ირანის როლზე. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვასილი ნებენზიას შეფასებით, ირანის მიმართ არსებული ბრალდებები დამტკიცებული არ არის და არ დასტურდება ექსპერტების დასკვნა იმის შესახებ, რომ თეირანი ჰუსიტებს უწევს სამხედრო დახმარებას. საპასუხოდ, გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჯონათან ალენმა განაცხადა, რომ არ შეიძლება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ანგარიში არ გაუწიო მხოლოდ პოლიტიკური მოტივით და აუცილებელია, რომ ირანმა პასუხი აგოს. რუსეთის პოზიცია გააკრიტიკა გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმაც. მისი განცხადებით, კრემლი ირანში იცავს ტერორისტების მიერ მხარდაჭერილ რეჟიმს. ჰუსიტი მეამბოხეები ებრძვიან იემენის ხელისუფლებას, რომელსაც მხარს უჭერს კოალიცია, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით. 2017 წლის ნოემბრიდან ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ტერიტორიაზე მიიტანეს არაერთი სარაკეტო იერიში. საუდის არაბეთის მთავრობამ რაკეტებით ჰუსიტების შეიარაღებაში დაადანაშაულა ირანი, რომელიც თავის მხრივ, ამ ბრალდებას უარყოფს. იანვარში, გაეროს ექსერტთა კომისიამ უშიშროების საბჭოს წარუდგინა ანგარიში, რომლის თანახმად, საუდის არაბეთში აღმოჩენილი რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების გამოკვლევით დადგენილია, რომ ეს შეიარაღება ირანული წარმოებისაა და თეირანმა იემენში გაგზავნა გაეროს მიერ დაწესებული ემბარგოს დარღვევით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG