Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი კვლავ ცხინვალშია


კახაბერ ქემოკლიძე
კახაბერ ქემოკლიძე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალშია და დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთში გაგზავნა მხოლოდ საექსპერტო მასალები. „დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი რუსეთშია გადასვენებული. ჩვენ ცხელი ხაზის მეშვეობით კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ გვიან ღამით ეს ინფორმაცია და დაგვიდასტურეს, რომ ცხედარი ნამდვილად ცხინვალშია“ - განუცხადა კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს მდინარე ენგურის ხიდთან, საიდანაც ოკუპირებულ გალში გაემგზავრა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში მონაწილეობისთვის. კახაბერ ქემოკლიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს რაც შეიძლება სწრაფად გადაეცეს და ოკუპირებული ახალგორიდან ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობა მისცენ უკანონოდ დაკავებულ ორ პირს. “ახალგორში განვითარებული მოვლენები კლასიკური მაგალითია, რომ დაუსჯელობას დე-ფაქტო მთავრობებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდევ უფრო მძიმე დანაშაული შეიძლება მოჰყვეს. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ გალში დღევანდელ შეხვედრაზე და შევახსენებთ, როგორც დე ფაქტო ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებული პირების, მათ შორის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავება და ქართული კანონმდებლობით გასამართლება” - განაცხადა ქემოკლიძემ. 22 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. 23 თებერვალს, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელმა, ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილმა“ არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, ამიტომ მის გასანეიტრალებლად ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რა დროსაც კიბეზე დაგორდა, მოგვიანებით კი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა სავარაუდოდ, გულის უკმარისობის შედეგად. რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი დე ფაქტო ხელისუფლებამ პატიმრობიდან 24 თებერვალს გაათავისუფლა, თუმცა, არ მისცა ოკუპირებული ახალგორის დატოვების უფლება. 26 თებერვალს, ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების რიგგარეშე შეხვედრა, რომელზეც ქართულმა მხარემ მოითხოვა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემა, ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილისთვის თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლა და მომხდარის სრულფასოვანი და გამჭვირვალე გამოძიება. დე ფაქტო ხელისუფლება მოთხოვნებს არ დათანხმდა და განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის სიღრმისეული ექსპერტიზა ვერ შეძლეს, ამიტომ რუსეთის ფედერაციას მიმართეს. 26 თებერვალს, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქციები გამართეს საქართველოს ცენტრალურ და რუსეთისკენ მიმავალ ავტომაგისტრალებზე და ხელისუფლებას ორდღიანი ვადა მისცეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის უზრუნველსაყოფად. ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიას ოჯახის გარდა არ იზიარებს საქართველოს ხელისუფლებაც.

XS
SM
MD
LG