Accessibility links

აღმოსავლეთ ღუტაში ამოქმედდა რუსეთის შემუშავებული „ჰუმანიტარული პაუზა“


27 თებერვალს ყოველდღიური, ხუთსაათიანი „ჰუმანიტარული პაუზა“ ამოქმედდა სირიის დედაქალაქთან მდებარე აღმოსავლეთ ღუტაში, რომელსაც სირიელი მეამბოხეები აკონტროლებენ. როგორც წინა დღით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით საბრძოლო მოქმედებები შეწყდება ადგილობრივი დროით დილის 9-დან 14 საათამდე. ღუტაში გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფანი, რომლითაც მოხდება სამოქალაქო პირების ევაკუაცია ალყაშემორტყმული ქალაქიდან, რომელშიც 392 ათასი ადამიანია მომწყვდეული. ბრიტანეთში მდებარე ადამიანის უფლებათა ობსერვატორია იუწყება, რომ ქალაქ ღუტაში მთელი ღამის განმავლობაში ძირითადში სიმშვიდე სუფევდა. „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, ცალკეულ სარაკეტო სროლას ჰქონდა ადგილი ქალაქ დოუმაში. „ჰუმანიტარული პაუზის“ შესახებ განცხადებას ორი დღით წინ უსწრებდა გაეროს უშიშროების საბჭოს 24 თებერვლის რეზოლუცია, რომელშიც მოთხოვნილია 30-დღიანი ზავის დაუყოვნებლივ გამოცხადება სირიის კონფლიქტურ რეგიონებში მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად და ავადმყოფთა ევაკუაციისათვის. ეს მოწოდება მოჰყვა დამასკთან მდებარე რეგიონის ინტენსიურ დაბომბვას სირიის მთავრობის ჯარების მიერ და 540-ზე მეტი ადამიანის დაღუპვას.

XS
SM
MD
LG