Accessibility links

ადმირალი როჯერსი: რუსეთს ძვირად არ დაუჯდა აშშ-ის არჩევნებში ჩარევა


ადმირალი მაიკ როჯერსი

აშშ-ის ადმინისტრაციამ არ მიმართა ზომებს იმისათვის, რომ რუსეთს პასუხი ეგო საარჩევნო პროცესში ჩარევის გამო - ამის შესახებ 27 თებერვალს, სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ადმირალმა მაიკ როჯერსმა, რომელიც კიბერძალების შტაბსაც ხელმძღვანელობს. როჯერსის ინფორმაციით, მან უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა ყველა არსებული რესურსი რუსეთის კიბერთავდასხმების მოსაგერიებლად, თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან და თავდაცის მინისტრისგან, ჯეიმს მატისისგან არ მიუღია დამატებითი მითითებები და უფლებამოსილება არსებული საშუალებების სრულყოფისა და რუსეთზე საპასუხო იერიშისთვის. მაიკ როჯერსის შეფასებით, პრეზიდენტმა პუტინმა დაასკვნა, რომ რუსეთს თავისი ქმედება ძვირად არ დაუჯდებოდა და ამიტომ შესაძლებელი იყო მსგავსი საქმიანობის გაგრძელება. ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის საპასუხოდ, თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ მაიკ როჯერსს არავინ ეუბნება უარს რაიმე უფლებამოსილებაზე. სანდერსის თქმით, რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმები დაიწყო პრეზიდენტ ობამას მმართველობისას და მის ადმინისტრაციას ბევრი არაფერი გაუკეთებია თავდასხმების შესაწყვეტად. თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებითვე, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს არაერთ ნაბიჯს რუსეთის ჩარევის აღსაკვეთად და უახლოეს ხანში მიიღებს დამატებით ზომებს. 27 თებერვალს, ტელეკომპანია NBC News-მა ამერიკული დაზვერვის სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას რუსმა ჰაკერებმა შეაღწიეს 7 შტატის ელექტრონულ საარჩევნო სისტემებში. 26 თებერვალს, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ უახლოესი 30 დღის განმავლობაში ვაშინგტონი რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს საარჩევნო პროცესში ჩარევის გამო.

XS
SM
MD
LG