Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი ემხრობა თალიბანის ლეგიტიმურ პოლიტიკურ ჯგუფად აღიარებას


ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი გამოვიდა თალიბანის ლეგიტიმურ პოლიტიკურ ჯგუფად აღიარების მოწოდებით, რათა ამ ნაბიჯს მოჰყვეს სამშვიდობო მოლაპარაკება და ბოლო მოეღოს ქვეყანაში 16 წელიწადზე მეტი ხნის წინ დაწყებულ სისხლისმღვრელ კონფლიქტს. ღანი თალიბანის შესახებ წინადადებით გამოვიდა 28 თებერვალს კონფერენციაზე, რომელზეც შეიკრიბნენ „ქაბულის პროცესში“ მონაწილე ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. „ქაბულის პროცესის“ ამოცანაა საფუძვლის მომზადება თალიბ ექსტრემისტებთან მოლაპარაკების დასაწყებად. „მივმართავ თალიბებსა და მათ ლიდერებს: დღეს გადაწყვეტილება თქვენს ხელშია. დათანხმდით მშვიდობას - ღირსეულ მშვიდობას - შევიკრიბოთ ამ ქვეყნის გადასარჩენად“, - განაცხადა ღანიმ. მან ექსტრემისტებს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა, ტყვეების გაცვლა, პასპორტები, ოფისი ქაბულში ან სხვა ადგილას და სანქციების გაუქმება. ავღანეთის პრეზიდენტმა გამოთქვა აგრეთვე მზადყოფნა, გადაისინჯოს კონსტიტუცია თალიბანთან შეთანხმების გასათვალისწინებლად. ავღანეთის მთავრობისთვის, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს, მძიმე ამოცანაა თალიბებისა და სხვა ექსტრემისტების შეკავება 2014 წელს ქვეყნიდან ნატოს ძალების უდიდესი ნაწილის გასვლის შემდეგ. ქაბულმა და თალიბებმა 2015 წელს სცადეს მოლაპარაკების გამართვა, მაგრამ პროცესი თითქმის დაწყებისთანავე შეწყდა.

XS
SM
MD
LG