Accessibility links

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ჩართეს დაცვის სახელმწიფო პროგრამაში


სოსო ბარათაშვილი და მუსტაფა ემრე ჩაბუქი

საქართველოს პროკურატურამ დააკმაყოფილა დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართვა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესახებ. 1 მარტს, ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ პროკურატურაში 23 თებერვალს შეტანილი განცხადების საფუძველზე, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 26 თებერვლიდან სარგებლობს დაცვის სპეციალური პროგრამით. პროგრამაში ჩართვა ჩაბუქმა ითხოვა მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის გამო. ამავე პროგრამით სარგებლობენ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლი და ორი არასრულწოვანი შვილიც. რაც შეეხება ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის საკითხის შემდგომ განხილვას, 1 მარტს სოსო ბარათაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ამ დრომდე არ დანიშნულა. ადვოკატი საყურადღებოდ მიიჩნევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე 26 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ 19 თებერვალს, გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა საქართველოს წერილობით თხოვა, თავი შეიკავოს თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციისგან, სანამ გაეროს კომიტეტი განიხილავს ჩაბუქის საჩივარს. მუსტაფა ემრე ჩაბუქმა გაეროს კომიტეტში საჩივარი შეიტანა 2018 წლის 15 თებერვალს. ჩაბუქი საჩივარში აღნიშნავს, რომ თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა, დაირღვეს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები და ის წამებას დაექვემდებაროს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლის სამსახურმა გაეროს კომიტეტის წერილი უკვე მიაწოდა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. 19 თებერვალს,
თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა საექსტრადიციო პატიმრობიდან, რომელიც 2017 წლის მაისიდან ჰქონდა შეფარდებული. ჩაბუქის ექსტრადიციას ითხოვს თურქეთის ხელისუფლება, რომელიც დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერს ადანაშაულებს ტერორისტულ საქმიანობაში. 20 თებერვალს, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს, ის პედაგოგია და არა ტერორისტი, ან ტერორიზმის მხარდამჭერი. პატიმრობიდან ჩაბუქის გათავისუფლების მიუხედავად, სასამართლო განხილვის საგნად რჩება თურქეთში მისი ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის საკითხი. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო ექსტრადიციას დასაშვებად მიიჩნევს, გადაწყვეტილება გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში და პარალელურად, მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა დროებითი ღონისძიება გამოიყენოს და ექსტრადიცია შეაჩეროს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG