Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში გაიმართა საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა


გიორგი კვირიკაშვილი და კარენ კარაპეტიანი. ერევანი, 2018 წლის 2 მარტი
გიორგი კვირიკაშვილი და კარენ კარაპეტიანი. ერევანი, 2018 წლის 2 მარტი

2 მარტს, ერევანში გაიმართა საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების, გიორგი კვირიკაშვილის და კარენ კარაპეტიანის პირისპირ შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების შეხვედრაში, რომლის დღის წესრიგში იყო ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, განათლების და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს 33%-ით გაიზარდა სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა. 2 მარტს ერევანში გაიმართა საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი ბრიფინგიც. გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა მზარდ დინამიკას ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში და კარენ კარაპეტიანს მიულოცა სომხეთში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი. “ჩემი კოლეგის მხრიდან ხაზი გაესვა რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩვენ მზად ვართ, რომ მრავალმხრივ პროექტებში სომხეთთან ერთად საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა და ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ შეგვიძლია ორმხრივი სარგებლის ნახვა, გამომდინარე იმ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების ქსელიდან, რომელიც საქართველოს გააჩნია. სომხეთს, ასევე, აქვს ძალიან სასარგებლო ურთიერთობები, რომელიც საქართველოს მხრიდან შეიძლება იქნას გამოყენებული” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ტექნიკური ჯგუფების შეხვედრა, რათა მომზადდეს ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა. პრემიერ-მინისტრის, კარენ კარაპეტიანის განცხადებით, სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობა ურთიერთნდობის ატმოსფეროში გრძელდება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, განიხილეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები და ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. კარენ კარაპეტიანის თქმით, საუბარი იყო ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის საკითხზეც.

XS
SM
MD
LG