Accessibility links

კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ტატუნაშვილის ცხედარს „უახლოეს მომავალში“ მიაბარებენ მიწას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მალე მიაბარებენ მიწას. „უკანასკნელი საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოჰყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც 4 მარტს მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა. თავის მხრივ განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ, რომლის თანახმად, ილია მეორის თხოვნით, რუსეთის პატრიარქი კირილე, უკვე ჩაერთო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში. „ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს”, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. 22 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. 23 თებერვალს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, ამიტომ მის გასანეიტრალებლად ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რა დროსაც კიბეზე დაგორდა, მოგვიანებით კი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობის შედეგად. ოჯახის წევრებს აქვთ ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილი მოკლულია.

XS
SM
MD
LG