Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტის მკვლელობის გამო სლოვაკეთის პრეზიდენტმა მოითხოვა ვადამდელი არჩევნების ჩატარება


სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ მოითხოვა მთავრობის შემადგენლობის შეცვლა, ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რათა აღდგეს ჟურნალისტ იან კუციაკის მკვლელობის გამო დაკარგული საზოგადოებრივი ნდობა. 4 მარტს, პრეზიდენტმა კისკამ სლოვაკეთის მოქალაქეებს ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ელოდა მთავრობის პოლიტიკურ ნაბიჯებს დაძაბულობის შესამცირებლად და ნდობის აღსადგენად, თუმცა ზოგიერთი მინისტრის გადადგომის მიუხედავად ვერ ხედავს კრიზისიდან გამოსვლის სამთავრობო გეგმას. პრეზიდენტის მოწოდება უარყო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ, რომელმაც ანდრეი კისკა დაადანაშაულა დაღუპულთა საფლავებზე ცეკვაში. გამომძიებელი ჟურნალისტის, იან კუციაკის და მისი საცოლის, მარტინა კუსნიროვას გვამები 25 თებერვალს აღმოაჩინეს ბრატისლავიდან 65 კილომეტრში მდებარე აგარაკზე. ჟურნალისტი იძიებდა სლოვაკეთის მთავრობაზე იტალიური მაფიის გავლენას, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან დაახლოებული პირების მჭიდრო კონტაქტებს მაფიასთან კავშირის მქონე იტალიელ მეწარმეებთან.1 მარტს, სამართალდამცავებმა დააკავეს მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 7 პირი, თუმცა, 48 საათის შემდეგ ისინი სასამართლომ გაათავისუფლა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. იან კუციაკის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში თანამდებობიდან გადადგა სლოვაკეთის კულტურის მინისტრი მარეკ მადარიჩი, რომელმაც განაცხადა, რომ არ შეუძლია დარჩეს თანამდებობაზე, როდესაც ქვეყანაში ჟურნალისტს კლავენ.

XS
SM
MD
LG