Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Amnesty International-ი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიუკერძოებელ გამოძიებას


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა რუსეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებისგან მოითხოვა საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებათა სწრაფი, დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიება და ოჯახისთვის ცხედრის რაც შეიძლება სწრაფად გადაცემა. ორგანიზაცია 5 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ნორმებით, არავის აქვს თავისუფლების და სიცოცხლის თვითნებურად ხელყოფის უფლება. Amnesty International-ი განმარტავს, რომ საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, დაკავებული პირის სიკვდილი უპირველეს ყოვლისა განიხილება თვითნებურ დასჯად და აუცილებელია სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების შესაბამისად, დაღუპულის ოჯახის წევრებს აქვთ უფლება მათი წარმომადგენელი დაესწროს ცხედრის ექსპერტიზას.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG