Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა სირიის შემდეგ


ბრიუსელში იწყება ევროკავშირის მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა საბჭოს ორდღიანი სხდომა, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხია მიგრაციის პრობლემა. საბჭო ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებს აერთიანებს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, სხდომაზე გერმანია დასვამს საქართველოს მოქალაქეთა მიერ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის საკითხს. რიკარდ იოზვიაკი ტვიტერზე წერს, რომ საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის წინაშეა, თუ ძალისხმევას არ გაააქტიურებს და ხელს არ შეუშლის ქვეყნის მოქალაქეების მიერ ევროკავშირის სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნას. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, წელს შვედეთში თავშესაფარი ითხოვა საქართველოს 298-მა მოქალაქემ და ამ მხრივ, საქართველო მეორე ადგილზეა სირიის შემდეგ. 6 მარტს, გერმანიის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ სავიზო ლიბერალიზაციამდე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა, მხოლოდ იანვარში, გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვა საქართველოს 700-ზე მეტმა მოქალაქემ და მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი. 6-7 მარტს, თბილისში იმყოფებოდნენ გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, კრისტიან კლოსი და საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში, ანეტ გიუნტერი. მათ შეხვედრები გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში. გერმანიის სამთავრობო დელეგაციის წევრებმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გერმანია საგრძნობლად შეამცირებს თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის ვადას. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა გერმანულ მხარეს გააცნეს საკანონმდებლო და პრაქტიკული ზომები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს პრობლემის მოსაგვარებლად. მათ შორისაა გვარის შეცვლის პროცედურის გამკაცრება. ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიის მესამე ეტაპი, რომლის მიზანია მოქალაქეებისთვის იმის განმარტება, თუ რა უარყოფითი შედეგები ექნება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევას არა მხოლოდ მათთვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსთვის.

XS
SM
MD
LG