Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტს მოუწოდეს, დროულად მიიღოს გენდერული კვოტირების კანონი


საქართველოს პარლამენტს 2017 წლის 12 ივნისს. წარედგინა გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივა
საქართველოს პარლამენტს 2017 წლის 12 ივნისს. წარედგინა გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივა

ასზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს საკანონმდებლო ინიციატივას გენდერული კვოტირების შესახებ, რომელიც 37 455 ამომრჩევლის ხელმოწერით წარედგინა 2017 წლის 12 ივნისს. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან 8 მარტს გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტს მხარი უკვე დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული განვითარების კომიტეტებმა, და პარლამენტს მიმართეს, საკანონმდებლო ინიციატივა დროულად განიხილოს პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტის თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიები და ბლოკები ვალდებულნი არიან მათ სიებში ყოველი მეორე იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი, სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო, იმავე სქესის წარმომადგენელი. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალების რაოდენობა იქნება მინიმუმ 26%. ბოლო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალებმა მოიპოვეს მანდატების მხოლოდ 16%, 2017 წლის თვითმმრთველობის არჩევნებში კი 13,46%. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ამ მაჩვენებლებით საქართველო ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს.

XS
SM
MD
LG