Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზად არის შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს. დონალდ ტრამპს კიმ ჩენ ინის მიწვევა და წინადადება მოლაპარაკების სწრაფად გამართვის შესახებ, ვაშინგტონში გადასცა სამხრეთ კორეის სამთავრობო დელეგაციამ, რომელმაც მანამდე მოლაპარაკება ფხენიანში გამართა. 8 მარტს, თეთრს სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჩონ ი იენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა მიწვევა მიიღო და მზად არის მოლაპარაკება მაისში გაიმართოს. მისივე ინფორმაციით, კიმ ჩენი ინი თანახმაა შეაჩეროს ყველა ბირთვული და სარაკეტო გამოცდა. თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო კიმ ჩენ ინის მიწვევა და მოლაპარაკების დრო და ადგილი მოგვიანებით შეთანხმდება. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ვაშინგტონი მოუთმენლად ელის ფხენიანის მიერ ბირთვული პროგრამის შეწყვეტას, თუმცა მიიჩნევს, რომ სანქციები და ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის წარმომადგენლებს ესაუბრა ბირთვული პროგრამის არა მხოლოდ გაყინვაზე, არამედ შეწყვეტაზე და გარდა ამისა, მოლაპარაკების პერიოდში შეწყდება რაკეტების გამოცდა. „დიდი პროგრესია, მაგრამ სანქციები შენარჩუნდება საბოლოო შეთანხმებამდე. შეხვედრა იგეგმება“ - დაწერა ტვიტერზე აშშ-ის პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG