Accessibility links

ხელისუფლების მიერ კონტროლირებულმა რუსულმა ტელეარხებმა დაარღვიეს დუმილი "სკრიპალის საქმეზე"


"ვრემია"-ს წამყვანი კირილ კლეიმანოვი

რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულმა ტელეარხებმა მომხდარიდან მეოთხე დღეს გააშუქეს დიდ ბრიტანეთში, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტი. 8 მარტს საღამოს, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო პროგრამის, „ვრემია“-ს წამყვანმა კირილ კლეიმანოვმა განაცხადა, რომ სიკვდილს არავის უსურვებს, მაგრამ პედაგოგიური მიზნებით სურს გააფრთხილოს მსგავს კარიერაზე მეოცნებენი, რომ მოღალატის პროფესია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიშია და ისინი სიბერემდე იშვიათად აღწევენ. კლეიმანოვის კომენტარით, მოღალატეების გარდაუვალი, პროფესიული დაავადებაა ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, სტრესი, მძიმე ნერვული აშლილობა და დეპრესია. „ვრემია“-ს წამყვანმა „სამშობლოს მოღალატეებს“ ურჩია, საცხოვრებლად ნუ აირჩევენ დიდ ბრიტანეთს, რადგან იქ რაღაც კარგად ვერ არის, შესაძლოა, კლიმატი. „ბოლო წლებში იქ ბევრი უცნაური შემთხვევაა მძიმე შედეგით, ხალხი თავს იხრჩობს, იწამლება და ფანჯრებიდან ვარდება“ - განაცხადა კლეიმანოვმა. მისი ირონიული და მუქარის ტონის გამო, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა გამოირჩეოდა ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სხვა ტელეარხებისგან. „ენტევე“-მ და „როსია“-მ ყურადღება ძირითადად, გაამახვილეს „ანტირუსულ ისტერიასა" და რუსული კვალის ძებნის აბსურდულობაზე. რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, 4 მარტს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში, სკამზე აღმოაჩინეს უგონო მდგომარეობაში. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი მოწამლულნი არიან ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. რუსეთის უშიშროების სამსახურმა სერგეი სკრიპალი 2004 წელს დააკავა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით. მას მოსკოვის სასამართლომ მიუსაჯა 13 წლით პატიმრობა. 2010 წელს სკრიპალი შეიწყალეს და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად გაცვალეს აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებში. ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლული სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ამჟამად კომაში არიან. 2006 წლის ნოემბერში, ლონდონში "პოლონიუმ 210"-ით მოწამლეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრ ლიტვინენკო, რომელმაც 1998 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მოკვლა დაავალეს. ლიტვინენკო ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში 2000 წელს გაიქცა და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ლიტვინენკოს მკვლელობაში ბრიტანელი სამართალდამცავების მიერ ბრალდებულნი არიან რუსი ბიზნესმენი, დმიტრი კოვტუნი და საბჭოთა უშიშროების ოფიცერი, რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი, ანდრეი ლუგოვოი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG