Accessibility links

ოპოზიციამ გააკრიტიკა რუსეთისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვა


რომან გიცირიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას რუსეთის ხელისუფლებისადმი, ორაზროვანი უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ. მისი თქმით, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გასააქტიურებელია ჟენევის ფორმატით, რომელშიც საერთაშორისო თანამეგობრობაც ჩართულია და ეს ფორმატი ფაქტობრივად, რუსეთის მიერაა ჩაშლილი. „მაგრამ აქ ისმის ნოტები რაღაც სხვა მიმართულებითაც და თუ ამაში იგულისხმება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა და მათ შორის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ეს დაუშვებელია და ფაქტობრივად, იქნება კაპიტულაცია და ანექსიის აღიარება“ - განუცხადა 9 მარტს, ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა დეტალურად უნდა განმარტოს, რა იგულისხმება მის მიმართვაში, რომელშიც ირიბადაა ნახსენები დიპლომატიური ურთიერთობებიც. გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას არათანმიმდევრულობის მაგალითი უწოდა საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციის, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა. მისი შეფასებით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ საქართველოს მთავრობა გარკვეულწილად ცდილობს საერთაშორისო ყურადღების მობილიზაციას, მაშინ, როცა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემთხვევაში, ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაუკეთებია. „ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკა და ცხადია, რომ ასეთი მიმართვებით პრობლემა ვერ გადაწყდება“ - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კანდელაკმა. მისივე თქმით, არათანმიმდევრულობაა, როცა რუსეთთან ურთიერთობის დალაგების დაპირებიდან გამომდინარე, „ქართულმა ოცნებამ“ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მოხსნა უმაღლესი დონის საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგიდან. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებისადმი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას მისი გადაყენების საფუძვლად მიიჩნევს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი. „თავი მოიჭრა საქართველოს ეკლესიამ, სამარცხვინო წერილი მიწერა რუსეთის ეკლესიას, პარლამენტის წევრები თავს იჭრიან და ახლა პრემიერმა მოიჭრა თავი” - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG