Accessibility links

რექს ტილერსონი: რუსეთი რჩება მსოფლიოში დესტაბილიზაციის გამომწვევ უპასუხისმგებლო ძალად


რექს ტილერსონი

აშშ-მა მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის დასკვნას რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. „მსგავსი თავდასხმის და სუვერენული ქვეყნის მიწაზე კერძო პირის მკვლელობის მცდელობის გამართლება შეუძლებელია და ჩვენ აღშფოთებულნი ვართ, რომ რუსეთი სავარაუდოდ, კვლავ აგრძელებს ასეთ ქმედებებს“ - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა. მისივე თქმით, ჯერ უკრაინასა და სირიაში, ახლა კი დიდ ბრიტანეთში, რუსეთი რჩება მსოფლიოში დესტაბილიზაციის უპასუხისმგებლო ძალად, რომელიც ღიად ხელყოფს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს. რექს ტილერსონის თქმით, აშშ სრულად ენდობა დიდ ბრიტანეთში მიმდინარე გამოძიებას და შეფასებას, რომ სავარაუდოდ, რუსეთია პასუხისმგებელი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებით ქალაქ სოლსბერიში განხორციელებულ თავდასხმაზე. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია გამოყენებული იყო თუ არა მომწამლავი ნივთიერება რუსეთის ხელისუფლების ნებართვით. ტილერსონის თქმით, დანაშაულის ჩამდენი და დამკვეთები სერიოზული შედეგების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ სოლიდარობას უცხადებს მოკავშირე დიდ ბრიტანეთს და მჭიდრო კოორდინაციით გააგრძელებს კონტრზომების მიღებას. რექს ტილერსობის განცხადებითვე, აშშ-ისთვის ცნობილია ნივთიერება, რომლითაც სერგეი სკრიპალი მოწამლეს, ეს ნივთიერება არ არის ფართოდ გავრცელებული და მასზე წვდომა შეზღუდულია. 12 მარტს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს რუსეთში შემუშავებული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, რომლის სახელწოდებაა „ნოვიჩოკი.“ ტერეზა მეის თქმით, ნივთიერების წარმომავლობის, რუსეთის ხელშეწყობით ადრე ჩადენილი მკვლელობების და ქვეყნიდან გაქცეული პირების სამიზნედ აღქმის გათვალისწინებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაასკვნა, რომ დიდი ალბათობით რუსეთია პასუხისმგებელი სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე. „ეს იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის მთავრობის პირდაპირი მოქმედება, ან მან კონტროლი დაკარგა საშიში მომწამლავი ნივთიერების გავრცელებაზე და ის უცხო ხელში აღმოჩნდა“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. მან რუსეთს 13 მარტის ბოლომდე მისცა დრო განმარტებისთვის. ტერეზა მეის თქმით, თუ რუსეთისგან სანდო პასუხს არ მიიღებენ, სერგეი სკრიპალის მოწამვლა ჩაითვლება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფოს მიერ ძალის უკანონო გამოყენებად. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო არ მოითმენს თავის მიწაზე უდანაშაულო მოქალაქეთა მკვლელობის თავხედურ მცდელობას. 12 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ლონდონის ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია და პროვოკაციას ეფუძნება. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საცირკო შოუ მოაწყვეს. რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, 4 მარტს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში, სკამზე აღმოაჩინეს უგონო მდგომარეობაში. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი მოწამლულნი არიან ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. რუსეთის უშიშროების სამსახურმა სერგეი სკრიპალი 2004 წელს დააკავა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით. მას მოსკოვის სასამართლომ მიუსაჯა 13 წლით პატიმრობა. 2010 წელს სკრიპალი შეიწყალეს და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად გაცვალეს აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG