Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთისადმი მიმართვა ემსახურებოდა საქართველოს სტაბილურობის ინტერესებს


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა კრიტიკას, რომელიც მოჰყვა რუსეთის ხელისუფლებისადმი მის მიმართვას. 14 მარტს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და კიდევ ორი თანამოქალაქის დაპატიმრების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა პროცესში ჩართულიყო და პირდადად მან სპეციალური განცხადებით მიმართა რუსეთის ფედერაციასაც. „დღესდღეობით ასეთი სიტუაცია გვაქვს - ჩვენი ორი მოქალაქე გათავისუფლებულია და ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ, რაც უდავოდ კარგია. სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ვერ მოხდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება“ - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ დღეებში მოისმინა მისი განცხადების ბევრი აბსურდული შეფასება, ამიტომ მკაფიოდ აცხადებს, რომ თითოეული ნაბიჯი ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და როცა ქვეყანას სჭირდება და საუბარია მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებასა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი დაძაბულობის შესამცირებლად, თუნდაც, საკუთარი იმიჯის ხარჯზე. „საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან არაჯანსაღი გარემო, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, როდესაც პატრიოტიზმის და ქვეყნის სიყვარულის საზომად ჩვენი განცხადებების სიმწვავე ვაქციეთ, ძალიან დამაზიანებელია და ამ გარემოს შეუძლია უბიძგოს პოლიტიკოსებს, გადადგან ნაბიჯები, რომლებიც გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ინტერესების განუხრელი, თანმიმდევრული დაცვა და სტაბილური ცხოვრების პირობები. რაც შეეხება რუსეთის პასუხს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ პასუხში შესაძლოა ბევრი რამ არ იყოს მისაღები, მაგრამ ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას. არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანს. ეს მცირედი პროგრესიც არის საქართველოში სტაბილურობის წყარო და ამ არეულ მსოფლიოში თუ რამ სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მას იმედი აქვს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ჯანსაღად აფასებს იმას, რაც ქვეყანაში ხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG