Accessibility links

ეროვნული უმცირესობების საბჭო მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას


საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრმა ორგანიზაციებმა რუსეთისა და ცხინვალის საზოგადოებას და პასუხისმგებელ პირებს მოუწოდეს, ყველა საშუალებას მიმართონ, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს მის ოჯახს. „საქართველოს აზერბაიჯანული, სომხური, ოსური, რუსული, ქურთული, ეზიდური, ბერძნული, ებრაული, ასურული, ლატვიური, უკრაინული, გერმანული, უდიური, ბელორუსული, ქისტური/ჩეჩნური და სხვა ორგანიზაციებისა და თემების წარმომადგენლები ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და გამოვხატავთ ჩვენს აღშფოთებას იმის გამო რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დღემდე არ არის გადაცემული მისი ოჯახისთვის” - ნათქვამია ომბუდსმენთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს მიერ 14 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. საბჭოს წევრი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ცხედრის გადაუცემლობა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს, ყველა ცივილიზებული ერისა და რელიგიის წეს-ჩვეულებებს და უნივერსალურ ღირებულებებს, მათ შორის უხეშად არღვევს კავკასიური ეთიკის პრინციპებს, რითიც ყველა კავკასიური ეთნოსი ამაყობს. საბჭო მიმართავს რუსეთის ფედერაციას, როგორც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას და დე-ფაქტო ხელისუფლებას, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადასცენ მის ოჯახს. საბჭოს წევრი ორგანიზაციები მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ცივილიზებულ სამყაროს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ და შეიმუშაონ ოპერატიული და ეფექტური სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები.

დაწერეთ კომენტარი

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG