Accessibility links

გავლენიანმა სენატორმა აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, რუსეთი აღიაროს ტერორიზმის სპონსორად


სენატორი რობერტ მენენდესი

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, რობერტ მენენდესმა პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა, რუსეთი ჩართოს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში. გამოცემის, The Washington Examiner-ის ინფორმაციით, სენატორ მენენდესის მიმართვის საფუძველია დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ყოფილი რუსი მზვერავის, სერგეი სკრიპალის მოწამვლა. რობერტ მენენდესის განცხადებით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციის დარღვევისთვის. დემოკრატმა სენატორმა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდა, აღიაროს რუსეთის მთავრობისგან მომდინარე საფრთხე, რომელიც ემუქრება ამერიკელებს და შეერთებული შტატების მეგობრებს მთელ მსოფლიოში. მენენდესმა თეთრ სახლს შეახსენა სანქციები, რომლებიც ვაშინგტონმა ფხენიანს დაუწესა ტაილანდში, ქიმიური ნივთიერების გამოყენებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობის გამო. 13 მარტს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტზე. მათი განცხადებით, პასუხი მკაცრად უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებმაც ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებით უხეშად დაარღვიეს საერთაშორისო ნორმები. 12 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით რუსეთია პასუხისმგებელი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების, „ნოვიჩოკ“-ის გამოყენებით სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე. ამ ვერსიას სისულელე უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში, უგონოდ აღმოაჩინეს და მათი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რუსეთის უშიშროების სამსახურმა სერგეი სკრიპალი 2004 წელს დააკავა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით. მას მოსკოვის სასამართლომ მიუსაჯა 13 წლით პატიმრობა. 2010 წელს სკრიპალი შეიწყალეს და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად გაცვალეს აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG