Accessibility links

ლონდონმა შეაჩერა მოსკოვთან მაღალი დონის კონტაქტები


ტერეზა მეის გამოსვლა პარლამენტში. ლონდონი, 2014 წლის 14 მარტი

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყნის დასატოვებლად ერთკვირიანი ვადა მისცა 23 რუს დიპლომატს, რომლებიც ლონდონის მიერ ეჭვმიტანილნი არიან სადაზვერვო საქმიანობაში. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილება რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ, უკავშირდება დიდ ბრიტანეთში მცხოვრები, რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლას. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი მოწამლეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკ“-ით, რომელსაც რუსეთი აწარმოებს. 14 მარტს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მოსკოვმა არ დააკმაყოფილა ლონდონის მოთხოვნა და 13 მარტს, დღის ბოლომდე არ წარუდგინა იმის მტკიცებულება, რომ რუსეთს არ აქვს კავშირი სკრიპალის მკვლელობის მცდელობასთან. ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ რუსეთისგან პასუხად მიიღეს მხოლოდ სარკაზმი და აღარ რჩება სხვა დასკვნის შესაძლებლობა გარდა იმისა, რომ რუსეთის სახელმწიფო დგას სკრიპალსა და მის ქალიშვილზე თავდასხმის უკან. პრემიერ-მინისტრ მეის განცხადებითვე, რუსეთის მოქმედება დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენებაა. დიპლომატების გაძევების გარდა, ლონდონმა მიწვევა გაუუქმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, ბრიტანელი მაღალჩინოსნები და სამეფო ოჯახის წარმომადგენელბი კი არ დაესწრებიან მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც ზაფხულში, რუსეთში გაიმართება. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებითვე, გამკარცდება რუსეთიდან ჩასული კერძო თვითმფრინავების და რუსეთის მოქალაქეთა საბაჟო კონტროლი და გაიყინება რუსეთის სახელმწიფო აქტივები, თუ დადასტურდება, რომ მათი გამოყენება საფრთხეს უქმნის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ რუსეთთან კონტაქტების სრულად შეწყვეტა არ შეესაბამება დიდი ბრიტანეთის ინტერესებს. „ჩვენ არ გვაქვს უთანხმოება რუს ხალხთან. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ამგვარად მოქმედება გადაწყვიტა“ - განაცხადა ტერეზა მეიმ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG