Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია მოითხოვს რუსეთთან ურთიერთობის შესახებ დებატებს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით


ოპოზიციური პარტიების შეხვედრა საქართველოს პარლამენტში. თბილისი, 2018 წლის 15 მარტი
ოპოზიციური პარტიების შეხვედრა საქართველოს პარლამენტში. თბილისი, 2018 წლის 15 მარტი

თორმეტმა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება რუსეთთან ურთიერთობების შესახებ. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება საქართველოს მნიშვნელოვნად ასუსტებს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვის კუთხით და „ქართული ოცნების“ და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის, საზიანო საგარეო პოლიტიკის მორიგი გამოვლინებაა. 12 პარტიის განცხადებითვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მზაობა, პირდაპირი დიალოგი აწარმოოს აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებათან, ეწინააღმდეგება საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას, რომ არსებულ კონფლიქტში ერთადერთ მხარედ აღიარებულ იქნას რუსეთის ფედერაცია. „ეს გზავნილი ასუსტებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს და საფრთხეს უქმნის ქართული დიპლომატიის მრავალწიან მონაპოვარს, რის შედეგადაც საერთაშორისო საზოგადოება ერთსულოვანია რუსეთის ფედერაციის როლის შეფასებაში და აღიარებს მას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს და კონფლიქტის მხარეს“ - ნათქვამია განცხადებაში. ოპოზიციური პარტიები მიმართავენ ხელისუფლებას, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით შეიქმნას სპეციალური ფორმატი, რომლის ფარგლებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის წინ და შემდეგ შედგება სახელმწიფო წარმომადგენლების მოსმენა გაფართოებულ, ან დახურულ ფორმატში, მარტის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი მივიდეს პარლამენტში დეოკუპაციის პოლიტიკაზე და რუსეთთან ურთიერთობებზე დებატებში მონაწილეობისთვის, პარლამენტმა დროულად მიიღოს რეზოლუცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის შესახებ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან კოორდინაციით გააძლიეროს საქართველოს შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფების აქტიურობა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. განცხადებას ხელს აწერენ: „ახალი მემარჯვენეები,“ „ახალი საქართველო,“ „ევროპელი დემოკრატები,“ „ევროპული საქართველო,“„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია,“ „თავისუფალი დემოკრატები,“ „თავისუფლება,“ „ლეიბორისტული პარტია,“ „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის,“ „რესპუბლიკური პარტია“ და „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG